მთავარი ისაა, აქ რა დაგრჩება!

„ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე,
ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე,
გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს
მსურდა წამეღო ყველა სიამე...“

ეს სტრიქონები ლაიტმოტივად გასდევდა ირაკლი აბაშიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სპექტაკლს, რომელიც 1 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა.
საკმაოდ ძნელია და ვფიქრობ შეუძლებელიც, ერთ საღამოში ასახო ისეთი დიდი პიროვნების ცხოვრებისა და შემოქმედების გზა, როგორიც ბატონი ირაკლი აბაშიძე გახლდათ, თუმცა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ჩინებულად გაართვეს თავი ამ მისიას. საღამო გაშუქდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. მათ შორის გვინდა აღვნიშნოთ გაზეთ „რეზონანსის“ პუბლიკაცია – „ირაკლი აბაშიძე – ცხოვრება სამართებელზე გავლით“: „...სპექტაკლმა, რომელიც პოეტის ლექსებით იყო გაჯერებული, ირაკლი აბაშიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიპეტიები და, რა თქმა უნდა, მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე ასახა. დროდადრო იყო პატრიარქის მოგონებების ვიდეოჩვენებებიც.
პირველი ქართული ენციკლოპედია, ქართული კულტურის დაცვა საბჭოური რეჟიმისაგან და... „რუსთაველის ნაკვალევზე!“
1966 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ირაკლი აბაშიძის ინიციატივით ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მიერ შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენა ქართული კულტურის ტრიუმფი იყო. სწორედ ამას მოჰყვა ლექსების ციკლი „ხმა კატამონთან“, „შენ აქ ხარ“, „ჯვარი“, „ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან“...
პროფესორი გრივერ ფარულავა „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ირაკლი აბაშიძის ცხოვრება სამართებელზე გავლას ჰგავდა; ეს იყო ბილიკი, რომლითაც არც საკუთარი თავი და არც სამშობლო არ უნდა დააზიანო. აბაშიძე კი ამ ბალანსს შესანიშნავად ახერხებდა“.
(გაზეთი „რეზონანსი“ 3 დეკემბერი 2009 წ.ავტორი – მარი ოთარაშვილი).
გაზეთი „რეზონანსი“ ირაკლი აბაშიძის იუბილეს 14 დეკემბრის ნომერშიც გამოეხმაურა სტატიით – „მთავარი ისაა, აქ რა დაგრჩება!“ (ავტორი – ლელა ოჩიაური).
სტატიაში გამოყენებულია უკომენტარო ამონარიდები წიგნიდან, რომელიც 1999 წელს, პოეტის 90 წლის საიუბილეოდ გამოვიდა.
ირაკლი აბაშიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა აგრეთვე აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალური ნომერი (#11(29) ნოემბერი, 2009 წელი), რომელიც მომზადდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილის) კურთხევით.
ბიულეტენში დაბეჭდილია ირაკლი აბაშიძისადმი მიძღვნილი მოგონებები, ინტერვიუები და წერილები.
გარდა ამისა, 23 დეკემბერს ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდში მოეწყო საღამო სახელწოდებით: ნათან ბააზოვი: „ჩემი ირაკლი აბაშიძე“.

Georgian