ხმათა ღაღადი კოსმოსიდან...

2006 წლის 19-25 ივნისს გამოცემულ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა სტატია – „სომხებმა ამჯერად „ჩაკრულო“ და „მრავალჟამიერი“ მიითვისეს“ (ავტორი – ხათუნა პაიჭაძე), რომელშიც აღნიშნულია სავალალო ფაქტი, კერძოდ ის, რომ 2004 წელს გერმანიის ქალაქ შტუტგარდში გამოცემულ მუსიკალურ კომპაქტ-დისკში, სახელწოდებით „ტაიგის მონატრება“, საბჭოთა კავშირის ხალხთა ასი სიმღერაა შესული. მათგან ორი სიმღერა – კახური „ჩაკრულო“ და რაჭული „მრავალჟამიერი“ – სომხურ სიმღერებადაა მონათლული, ხოლო ანსამბლი „რუსთავი“ – სომხურ ანსამბლად. სტატიაში აღნიშნულია, რომ მუსიკალური სტუდია Reader’s Diges-ის მიერ გამოცემული „ნაღვაწი“ გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში დიდი წარმატებით იყიდება და სოლიდური თანხა – 70 ევრო ღირს. ხსენებული კომპაქტ-დისკი გერმანიაში მოღვაწე საქართველოს სიმებიანი კვარტეტის ერთ-ერთმა წევრმა თამაზ ბათიაშვილმა აღმოაჩინა და საქართველოში ჩამოიტანა.
ზემოხსენებულმა მოვლენამ ქართულ პრესაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რასაც ქართული ენციკლოპედიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა 2006 წლის 10 ივლისს გაზეთ „24 საათში“ (ავტორი – ნათია ვადაჭკორია) გამოქვეყნებული სტატიით – „ხმათა ღაღადი კოსმოსიდან“. შემდგომში ეს წერილი სამეცნიერო პოპულარულ ჟურნალ „პულსარშიც“ გამოქვეყნდა (#2(4) 2005 წ.). სტატიის ავტორი დაუკავშირდა ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ „იუნესკო“ აღიარებს ქართულ ხალხურ სიმღერას კაცობრიობის ზეპირსიტყვაობისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად“; ეს გახლავთ ციტატა 2001 წლის 18 მაისით დათარიღებული სიგელიდან, რომელსაც იუნესკოს გენერალური დირექტორი – კაიშირო მაცურა აწერს ხელს.
ფრიად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1977 წლის 20 აგვისტოს და 5 სექტემბერს ამერიკელებმა კოსმოსში ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგურები – „ვოიაჯერ-2“ და „ვოიაჯერ-1“ გაუშვეს. კოსმოსურ ხომალდებზე მოთავსებული ორივე იდენტური ლითონის დისკო და გრამფირფიტა – „დედამიწის ხმები“ მიზნად ისახავდა, დედამიწის ცივილიზაციისა და კაცობრიობის შესახებ წარმოდგენა შექმნოდათ სხვა ცივილიზაციებს, თუკი მსგავსი რამ გალაქტიკაში არსებობს. 110 წუთიან გრამფირფიტაზე ჩაწერილ „დედამიწის ხმებს“ შორის გახლდათ „ჩაკრულო“ როგორც მუსიკალური მრავალხმიანობის შედევრი. 1979 წელს გამოცემული Советский Энциклопедический Словарь გვიმტკიცებს „Багратионы - царская династия Грузии в 9-19 вв., ветвь Багратидов, Наиб. известны: Ашот, Давид III, Давид Строитель, Георгий III, Тамара, Георгий V, Ираклий II“. ხოლო ბაგრატიდები, რასაკვირველია – древняя арм. аристократич. фамилия, Царская Династия გახლავთ.
ქართული ენციკლოპედიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ირაკლი აბაშიძისა და როინ მეტრეველის თაოსნობით ეს „შეცდომა“ გააპროტესტა და უკვე 1985 წლის იგივე გამოცემაში ეს ტერმინი გასწორდა.

Georgian