წლის გამოცემა

2008 წლის 17 მაისს „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში გაიმართა ენციკლოპედია „ქართული ენის“ პრეზენტაცია. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც წლის საუკეთესო გამოცემად შეიძლება ჩაითვალოს, გაშუქდა როგორც ტელევიზიით (ტელეკომპანია „იმედი“, რუსთავი-2 და სხვ.), ასევე პრესით.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს გამოქვეყნებული სტატიებიდან:
„ამ ენციკლოპედიის შექმნის იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა. მაშინ ამ ორგანიზაციის მთავარი რედაქტორი ბატონი ავთანდილ საყვარელიძე იყო, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – აკადემიკოსი ბესარიონ ჯორბენაძე. ენციკლოპედიური ნაშრომი რამდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა“.
„ამბობენ ხოლმე, რომ ასეთი წიგნი ყველა ქართულ ოჯახს უნდა ჰქონდეს... მეც იგივეს გავიმეორებ, რადგან ამ გამოცემას („ქართულ ენას“), შინაურულად, „ქართული ენის პასპორტი“ დავარქვით... – ზურაბ აბაშიძის საუბრიდან.
17-18 მაისი, 2008 წელი, გაზეთ „24 საათის დამატება “Weekend” – „ნაპირი გამოჩნდა და იქამდე უნდა მივიდეთ...“ (ავტორი სალომე ჯანგველაძე).

„ეს წიგნი მხოლოდ დარგობრივი ლექსიკონი არ გახლავთ, მასში მთელი ქართული კულტურა, ქართველების ცხოვრება და ცნობიერებაა ასახული. ენციკლოპედიაზე მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა იმუშავა. სტატიების არაერთგვაროვნობისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, არ დარღვეულა მთლიანობა, რომელშიც დედაენისადმი ავტორთა ემოციური დამოკიდებულება გამოვლინდა. მადლობა თითოეული სტატიის ავტორს. ქართველ მკითხველს წინ დიდი სიამოვნება ელოდება“ – აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას საუბრიდან.
19 მაისი, 2008 წელი, გაზეთი „24 საათი“ – „წვეთ-წვეთად შექმნილი „ქართული ენა“
(ავტორი თამარ კიკნაველიძე).

„P.S. არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა შეიძინა ახალი ენციკლოპედია პრეზენტაციის დღეს, მაგრამ, ფაქტია, რომ დამსწრეთაგან უმეტესობა შინ სქელტანიანი, დიდი ფორმატის, შავი წიგნით ხელდამშვენებული დაბრუნდა, რამაც პირადად მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას სერიოზული ეჭვი გაგვიჩინა, რომ „ქართული ენა“ უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა და ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის სამეცნიერო რედაქციას მისი ახალი ტირაჟით გამოცემა მოუწევს“.
19 მაისი, 2008 წელი, გაზეთი „მთელი კვირა“ – „ქართულმა ენციკლოპედიამ და ენათმეცნიერების ინსტიტუტმა ენციკლოპედია „ქართული ენა“ გამოსცეს“
(ავტორი ლელა ოჩიაური).

Georgian