ორბელიანი სულხან-საბა

[24.X.(3.XI). 1658, სოფ. ტანძია, ახლანდ. ბოლნისის რ-ნი, – 26.I(6.II). 1725, მოსკოვი], ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რ-იც კულტ. და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ო. მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილტან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სას. დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ო. ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნ. საქმიანობაში. იყო ირან-ოსმ. აგრესიის წინააღმდეგ გაჩღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახ. პოლიტ. ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI–ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ო. იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698, როგორც ჩანს, პოლიტ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703-იდან, ქართლის ახ. განმგებლის ვახტანგ VI-ის დავალებით, ო-მა დიპლ. მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მ. შ. საფრანგეთსა და იტალიაში (1713-16).
გარკვეული პოლიტ. მოსაზრებებით ო-მა მიიღო კათოლიკ. აღმსარებლობა. ირან-ოსმ. მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართვ. სახელმწ. მოღვაწეებს, მ. შ. ო-ს, სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დას. ევროპასთან პოლიტ. კავშირისათვის. ო. ეწვია საფრ. მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანს. დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლ. მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ო-მა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.
1724, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ო. გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.
ო-ის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნ. დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემნტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რ-იც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით; მასში ასახულია ქართ. სალიტ. ენის, კერძოდ, ლექსიკონის განვითარების ძირითადი ეტაპები. ო. არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ო-ის ორიგინ. თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებ. „სიბრძნე-სიცრუისა“ („წიგნი სიბრძნე-სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფაბულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნ. ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნ. იუმორითა და კოლორიტებით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ–არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ო. ქადაგებს აღზრდის დემოკრ. პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზ. გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დავემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი იდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთლს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნ. სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრ. საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტ. თუ სოც. უკუღმართობისგან. ავტორი თავს არიდებსმშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას. „სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართ. პროზის დიდ ტრადიციებს, რ-ებიც იმ ხანებშისაკმაოდ დაქვეითებული იყო. ო-მა ძვ. ქართ. მწერალთაგან ერთ–ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ, სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართ. პროზის შემდგომ განვიტარებაზე. თხზულება თარგმნილია რუს. (1878), ფრანგ. (1888), ინგლ. (1895), გერმ. (1933) და სხვ. ენებზე.
ქართ. დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ო-ის „მოგზაურობა ევროპაში“, რ-იც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრ. ქ-ები, მ. შ. პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალ. და თურქ. ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.
ო-მა წვლილი შეიტანა ქართ. სას. მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტ. მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის საწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ო-ის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რ-იც, მიუხედავად სას. შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე-სიცრუისა“. ო-ს ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სას. მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ო-მა ფაქტობრივად გაასრულა ვახტანგ VI–ს წამოწყებული საქმე და მოგვცა „ქილილა და დამანას“ საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართ. რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI–ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარს. ლექსები. ო-ის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართ. ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართ. ლექსის ფორმაციას.
თხზ.: თხზულებანი ოთხ ტომად, თბ., 1959-66.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე   ა., სულხან-საბა ორბელიანი, თბ., 1959; კ ე კ ე ლი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ლ ო ლ ა შ ვ ი ლ ი  ი., სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობა (1698-1713), თბ., 1959; მ ე ნ ა ბ დ ე   ლ., სულხან-საბა ორბელიანი, თბ., 1953; სულხან-საბა ორბელიანი. საიუბილეო კრებული, თბ., 1959; ტ ა ბ ა ღ უ ა   ი., საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა (XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თბ., 1972; ქ უ თ ა თ ე ლ ა ძ ე  ლ., სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები (ავტოგრაფების მიხედვით), თბ., 1957; ჯ ი ბ ლ ა ძ ე  გ., ესთეტიკური თეორიის საკითხები, თბ., 1961.

ს. ცაიშვილი.
(ქსე, ტ. 7, გვ. 558)
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363