ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე

(3.I.1864, გორი – 7.VIII.1912, სამარის მახლობლად აგარაკზე, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მეცნიერი, საზ. მოღვაწე, ფილოლოგი, ისტორიკოსი. 1884 დაამთავრა თბილ. გიმნაზია, 1888 – მოსკ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. იქვე დატოვეს პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1889-იდან კითხულობდა ლექციებს ქართ. ენასა და ლიტ-რაში ლაზარევის აღმოსავლური ენების ინ-ტში, 1990-იდან – მოსკოვის უნ-ტში. ხ-ს ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა საქართვ. ისტ., ლიტ-რის, ეთნოგრაფიისა და მატერ. კულტ. მნიშვნელოვან საკითხებზე. შექმნა ართ. ლიტ. ისტორიის პირველი სისიტემ. კურსი (უძველესი დროიდან XIX ს. ჩათვლით), ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (რუს. ენაზე, ტ. 1-4, 1895-1907), რ-მაც ქართ. მწერლობის მონაპოვარი მსოფლიო სარბიელზე გაიტანა. ხ-მა ამაგი დასდო ქართ. ხალხ. სიტყვიერების კვლევისა და გამოცემის საქმეს. მისის ინიციატივით გამოქვეყნდა ქართ. ზღაპრები ორ წიგნად (1902, 1904), მანვე გამოავლინა და გამოაქვეყნა ძვ. ქართ. ხელნაწერები, ზოგი მათგანი თარგმნა რუს. ენაზე.
ხ. ბევრს მოგზაურობდა ქართ. სიძველეთა კვლევისა და შესწავლის მიზნით. მოვლო საქართვ. სხვადასხვა კუთხე, იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში. მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშ. კონგრესების მუშაობაში ჟენევასა (1894) და პარიზში (1897). იყო მოსკ. საიმპერატორო არქეოლ. საზ-ბის ნამდვილი წევრი (1899-იდან), რუს. ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზ-ბის წევრი (1901-იდან), საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ-ბის ნამდვილი წევრი (1907-იდან), რუს. სიტყვიერების მოყვარულთა საზ-ბის წევრი (1909-იდან) და სხვ. ხ. იკვლევდა ძვ. და შუა საუკ. საქართვ. ისტორიას, მის სოც.-ეკონ. პრობლემებს, ქართ. ფეოდალიზმის ნიშნებს. საქართველოს სამეფოს დაცემას სამეფო-სამთავროებად დაყოფით ხსნიდა, ხოლო ასეთი დაყოფის მიზეზად იმუნიტეტს მიიჩნევდა. დიდებულთა წარმოშობის მიზეზებს ქვეყნის ეკონ. განვითარებაში ეძებდა. გლეხთა დაყმევების პროცესსაც ეკონომიკით ხსნიდა. გლეხობაში არჩევდა უფლებრივად განსხვავაებულ ფენებს. ხ. ქართ. ფეოდალიზმს სწავლობდა რუს. და ევრ. ფეოდალიზმთან მიმართბაში. პარიზის საერთაშ. გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ფრანგ. ენაზე გამოვიდა ხ-ის „საქართველოს ისტორია“ (1900). ქართ. დიპლომატიკაში აღსანიშნავია მისი კრებულები „გუჟრები“: (საისტორიო მასალა, ქუთაისი, 1891) და „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“ (1893). ხ-ის ინიციატივითა და მატერ. დახმარებით მოსკოვში ჩამოყალიბდა ქართ. მეცნიერების, ხელოვნ. და ლიტ-რის შემსწავლელთა საზ-ბა (1911).
თხზ.: ბატონყმობა საქართველოში რუსეთთან შეერთებამდის, ქუთ., 1910; მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1910; ქართული სიტყვიერების ისტორია, ტ. 1-2, ტფ., 1904-13; Древнеийшие пределы расселения грузин по Малой Азии, Тфл., 1903.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი შ., ქართული სიტყვიერების გამოჩენილი მკვლევარი, „მნათობი“, 1964, #1; მ ი ს ი ვ ე, ალექსანდრე ხახანაშვილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები (1864-1912), „საისტორიო მოამბე“, 1975, #31-32; მ ე გ რე ლ ი ძ ე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970.

შ. გოზალიშვილი. უ. სიდამონიძე.
(ქსე, ტ. 11, გვ. 446)
Georgian