არსენ იყალთოელი

(1050-იანი წწ. – 1130-ის ახლოს), საეკლესიო და კულტურის მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი, ფილოსოფოსი. წყაროებში ზოგჯერ ვაჩეს ძედ იხსენიება. ა. ი. უნდა იყოს არსენ კალიპოსელი (ამ თვალსაზრისს არ იზიარებს კ. კეკელიძე). გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ა. ი. არის იგივე არსენ ბერი (დავით რექტორი, პ. იოსელიანი, ა. ხახანაშვილი, მ. ჯანაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, პ. ინგოროყვა, ი. ლოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი). მკვლევართა ნაწილი არსენ ბერს მიიჩნევს დავით აღმაშენებლის ისტორიის ავტორად, რაც გამორიცხავს მის გაიგივებას ა. ი-თან (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე, კ. გრიგოლია, ჯ. ოდიშელი).
ა. ი-ს ბიოგრაფიაზე ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი მისსავე ანდერძ-მინაწერებში და იმდროინდელი თუ გვიანდელი ავტორების თხზულებებში. დაბადებულა კახეთში, სოფ. იყალთოში (აქედან – მისი ზედწოდება), იქვე აღკვეცილა მონასტერში მონაზვნად. განათლება, როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლში, მანგანის წმ. გიორგის მონასტერთან ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე მონომახოსის მიერ დაარსებულ საღვთისმეტყველიო აკადემიაში მიუღია; იქ მოღვაწეობდნენ „ბიზანტიური რენესანსის“ წარმომადგენლები მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. მხოლოდ იქ შეეძლო ა. ი-ს შეეთვისებინა ის მოწინავე იდეები და საღთისმეტყველო-ფილოს. შეხედულებები, რ-ებითაც განმსჭვალულია მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მანგანიდან იგი წასულა შავ მთაზე (სირიაში), სიმეონ საკვირველთმოქმედისა და კალიპოსის მონასტერში, სადაც ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით შესდგომია ლიტერატურულ საქმიანობას. სავარაუდოა, რომ ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ (XI ს. ბოლო) ა. ი. კვლავ მანგანის წმ. გიორგის მონასტერში დაბრუნდა. XII ს. დასაწყისიდან ა. ი. საქართველოში ჩამოვიდა (ალბათ დავით აღმაშენებლის მიწვევით), ის აქტიურად მონაწილეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 1104 მუშაობაში, ერთ-ერთი ინიციატორი იყო გელათის აკადემიის დაარსებისა, სადაც ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. შემდეგ დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში და ხელი შეუწყო იქ ქართ. მწიგნობრული კერის აყვავებას. ტრად. გადმოცემით, მანვე დააარსა იყალთოს აკადემია, სადაც, ალბათ, დაკრძალეს. საგანმან.-სამეცნ. ღვაწლისათვის თანამედროვენი მას უწოდებდნენ „განმანათებელსა ყოველთა ეკლესიათა“ (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი).
ა. ი-ის მიერ სათარგმნელად შერჩეული შრომები მოწმობენ, რომ იგი ფილოსოფიიდან იღებდა მხოლოდ იმას, რაც გამოსადეგი იყო ქრისტ. დოგმატიკისათვის, კერძოდ – მოძღვრებას დასაბუთებაზე. ამან განაპირობა მისი განსაკუთრებული ინტერესი არისტოტელეს მოძღვრებისადმი, ასევე მის მიერ იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ თარგმნა იმ ნაწილების გარეშე, სადაც ფილოსოფია წარმოდგენილია საოფლმხედველობის სახით.
ა. ი-ის ბერძნულიდან ნათარგმნ თხზულებათაგან ზოგიერთს საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ქართ. ლიტ-რის ისტორიაში, მ. შ. აღსანიშნავია: „დიდი სჯულისკანონი“ – მართმადიდებლური ქრისტ. ეკლესიის ძირითადი კანონიკური კოდექსის – ნომოკანონის (883) თრგმანი; „დოგმატიკონი“ – რჩეული პოლემიკური თხზულებებისაგან შედგენილი კრებული, რ-მაც სათავე დაუდო დოგმატიკურ-ფილოს. აზრის განვითარებას საქართველოში; გიორგი ამატოლის „ხრონოღრაფი“; ანდრია კრეტელის ჰიმოგნაფიურ-ლიტურგიკული თხზულება „დიდი კანონი“ ანუ „სინანულის კანონი“, რ-ის გავლენითაც დაწერა დავით აღმაშენებელმა „გალობანი სინანულისანი“. ა. ი-ის უთარგმნია აგრეთვე რამდენიმე ბერძნ. ჰაგიოგრაფიული თხზულება. თუ სწორია მოსაზრება ა. ი-სა და არსენ ბერის იგივეობის შესახებ, მაშინ მასვე უნდა მივაკუთვნოთ ყველა ის ორიგინ. ნაშრომი, რ-ის ავტორადაც ზოგი მკვლევარი არსენ ბერს მიიჩნევს.
ა. ი-ის მიაკუთვნებენ აგრეთვე „დოგმატიკონში“ ჩართულ პოლემიკურ თხზულებას „ხსნებაი სიტყვს გებისაი და სასჯელისაი სჯულისაი“ და დავით აღმაშენებლის საფლაფის ეპიტაფიას. ა. ი-ს ლიტერატურული მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია გამოცემული.
გამოც.: დიდი სჯულისკანონი. გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.
ლიტ.: გ ა ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი  ე., რუის-ურბნინის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლ ო ლ ა შ ვ ი ლ ი  ი., მეტაფრასული „ნინოს ცხოვრების“ ავტორის ვინაობისათვის, „მაცნე“. ენისა და ლიტერატურის სერია, 1974, #4; მ ი ს ი ვ ე, არსენ იყალთოელი, თბ., 1978; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958.

ე. გაბიძაშვილი.
(ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 207)
Georgian