2006 წელს ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციას 40 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღს დაემთხვა ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. ამ მოვლენას გამოეხმაურა, როგორც ბეჭდური მედია, ასევე ტელეკომპანიები – „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
6 ივნისს გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში – „დაბრუნება წარსულთან“ (ავტორი – სოფო კილასონია), ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს: „გადაწყვეტილება ქართული ენციკლოპედიის დაარსების შესახებ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ეშელონებში მიიღეს. მახსოვს, რომ ამ ინიციატივის წინააღმდეგ იყო საბჭოთა კავშირის მთავარი იდეოლოგი სუსლოვი. მან თქვა, რომ სულაც არ იყო საჭირო რესპუბლიკებში ეროვნული ენციკლოპედიების გამოცემა, რადგან არსებობდა საბჭოთა ენციკლოპედია და ეს საკმარისი იყო, მაგრამ ჩვენი რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვაჟკაცობა გამოიჩინა და ინიციატივა გაიტანა“.
12 ივნისს გამოცემულ გაზეთში „მთელი კვირა“ დაბეჭდილია ექსკლუზიური ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, – „ქართული ენციკლოპედია – ეროვნული პროექტი“ (ავტორი – ირმა ჩაფიძე), სადაც იგი საუბრობს ენციკლოპედიის სამომავლო გეგმებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ბატონი ზურაბი აღნიშნავს, რომ რედაქციის 40-წლიანი მოღვაწეობის მთავარი შედეგი გახლავთ ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თორმეტტომეულის 80-ათასიანი ტირაჟით გამოცემა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბატონი ზურაბის თქმით, იგეგმება ქართული ენციკლოპედიის ერთტომეულების რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემა და, ასევე, ენციკლოპედიის გამოცემების ელექტრონული ვერსიის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი თქმით, – საჭიროა ინტერნეტში დაიდოს სრულყოფილი, ობიექტური, მეცნიერულად დამუშავებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ.