მათთვის, ვისაც თბილისი უყვარს...

წარმატებულად დაიწყო ქართული ენციკლოპედიისთვის 2009 წელიც. გამოიცა ყველასთვის საჭირო და სასურველი წიგნი - ენციკლოპედია თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები, რომლის პრეზენტაცია ორჯერ გაიმართა და გაშუქდა თბილისში არსებული ყველა ტელეკომპანიის ეთერით.
2009 წლის 5 მარტს თბილისის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა აღნიშნა: “ეს წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენია არა მხოლოდ თბილისელისთვის, არამედ სტუმრისთვისაც. მე აქ ჩემი ქალაქის ისტორიას ვკითხულობდი. ეს ენციკლოპედია მეცნიერული თვალსაზრისითაც არაჩვეულებრივია. მოცემულია ცნობები იმ პირთა შესახებ, ვისი სახელობისაც იყო ან არის ესა თუ ის ქუჩა. გარდა იმისა, რომ თითოეული უბნის ისტორიაა მოთხრობილი, ამ წიგნში რუკები და სახელთა საძიებელიცაა, რაც უფრო ზრდის მის ფასეულობას”.
სრულად ამ ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია თბილისის საკრებულოს საიტზე: www.sakrebulo.ge სათაურით - “თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისის ენციკლოპედია გამოიცა”.
2009 წლის 24 მარტს “თიბისი” ბანკის სათავო ოფისში გამართულ მეორე პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ ენციკლოპედია “თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები”, ხოლო გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” (17 მარტი, 2009 წ.) სტატიით - “მათთვის, ვისაც თბილისი უყვარს”... (ავტორი _ ნია ფიფია) გვამცნობს, რომ თბილისის მერია თბილისის ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

Georgian