(სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომიანი გამოცემა)
გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1990 და 2004 წლებში.
გამოცემის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უკლებლივ ყველა ძეგლის მეცნიერული შესწავლა და მათი დოკუმენტაციის შექმნა, ე. ი. ყველა იმ კულტურული ფასეულობის შესწავლა, წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისათვის მიწოდება, რომლებიც ამჟამად აყვანილია აღრიცხვაზე, დაცულია ან მომავალში იქნება აღრიცხული და დაცული სახელმწიფოს მიერ.
1990 წელს დაისტამბა კრებულის პირველი წიგნი (წიგნი მე-5, სარედაქციო კოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), უ. სიდამონიძე, გ. ცქიტიშვილი), რომელშიც შეტანილია ისტორიული შიდა ქართლის (გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის რაიონები) 1500–მდე ისტორიისა და კულტურის ძეგლი შესაბამისი საილუსტრაციო მასალით (ნახაზები, ფოტოები და სხვ.).
კრებულის მეორე წიგნი გამოიცა 2004 წელს (რედკოლეგია: თ. დვალი (ხელმძღვანელი), კ. კახაძე, ალ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე). იგი ეძღვნება აღმ. საქართველოს მთიანეთის (ახმეტის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონები) ისტორიისა და კულტურის ძეგლებს.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე–5 და მე–2 წიგნებისათვის რედაქციასთან თანამშრომლობდნენ და მასალები მოამზადეს:
ი ს ტ ო რ ი ი ს ძ ე გ ლ ე ბ ზ ე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციისა და ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
ა რ ქ ე ო ლ ო გ ი ი ს ძ ე გ ლ ე ბ ზ ე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ო. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
ა რ ქ ი ტ ე ქ ტ უ რ ი ს ა და მ ო ნ უ მ ე ნ ტ უ რ ი ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს ძ ე გ ლ ე ბ ზ ე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქართველოს ძეგლთა აღწერილობის განყოფილებამ.
მე–5 და მე–2 წიგნებზე მუშაობდნენ რედაქციის თანამშრომლები, წამყვანი სამეცნიერო რედაქტორები: მ. დვალიშვილი, ლ. მოწონელიძე, მ. პაპავა, თ. რუსიშვილი, ქ. სვანიძე, ზ. სტურუა, თ. ჭელიძე, რედაქტორები: ყ. ბლიაძე, მ. პაპინაშვილი, ც. შანიძე.
ამჟამად რედაქცია მუშაობს კრებულის მესამე წიგნზე, რომელიც მიეძღვნება კახეთის (გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის რაიონები) ისტორიის და კულტურის ძეგლებს.