ირაკლი აბაშიძე – 100

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება დიდ ქართველ პოეტს, აკადემიკოსს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს და საზოგადო მოღვაწეს ირაკლი აბაშიძეს.
პირველი საიუბილეო ღონისძიება, რომელიც ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა, გახლდათ 22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ქარვასლა) გახსნილი ფოტოგამოფენა. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, ხოლო გამოფენის ორგანიზების იდეა ეკუთვნით ბატონი ირაკლის შვილებს – ირინეს, ზურაბ და ვახტანგ აბაშიძეებს. ეს ღონისძიება გაშუქდა როგორც ტელევიზიით („რუსთავი 2“, „იმედი“, „ალანია“, „ივერია“, „პირველი არხი“), ასევე რადიოარხებისა და გაზეთების („24 საათი“ და „საქართველოს რესპუბლიკა“) მეშვეობით.
გამოფენის გახსნაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს ქარვასლის დარბაზი ძლივსღა იტევდა, აქ თავშეყრილი იყო საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გამოფენაზე ექსპონირებული გახლდათ 110 ფოტო, ხელნაწერები, მეგობრული შარჟები, პოეტის პირადი წერილები თუ ამონარიდები ლექსებიდან.
„გამოფენა ირაკლი აბაშიძის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. თუმცა, ჩვენ მხოლოდ მას არ ვიხსენებთ... ამ ფოტოებზე აღბეჭდილია თაობა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია“, – გვითხრა ირაკლი აბაშიძის ქალიშვილმა, ქ-მა ირინამ“ (გაზეთი „24 საათი“, 23 ოქტომბერი, „თაობა, რომელიც გვაკლია“, ავტორი – თამარ კიკნაველიძე).
მართლაც, გამოფენაზე ექსპონირებულ ფოტოებზე აღბეჭდილი ჰარი ბელაფონტე, ინდირა განდი, ედუარდ კენედი, ელენე ახვლედიანი, ნოდარ დუმბაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, რეზო თაბუკაშვილი და სხვები სწორედ იმ ეპოქას აცოცხლებენ, რომელშიც ირაკლი აბაშიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363