XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII ს. მწიგნობარნი იუწყებიან, რომ ი. პ. სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. ახალგაზრდობაში წსავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტ. რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. ი. პ-ის აქტ. მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რ-საც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ ი. პ. პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთ ხანს შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. ი. პ-ის ფილოს. მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგ. თხზულებებით („განმარტება პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისად“). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ („პერი-ჰერმენეია“), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (გამოიცა 1914), პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ („თეოლოგიის ელემნტები“), ამიონიოს ჰერმიას „მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფიისა“ და „მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა“ (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად თვლის იოანე ტარიჭისძეს). არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. ი. პ-ის „განმარტება“ შედგება შესავლის, პროკლეს „კავშირთა“ 211 თავისადმი დართული შესავლის, ვრცელი კომენტარებისა და ბოლოსიტყვაობისაგან.
ი. პ-ის ფილოს. შეხედულებანი განსაზღვრულია არა იმდენად ანტ. ფილოს. მემკვიდრეობით, რამდენადაც XII ს. ქართ. კულტურული და იდეური სფეროთი, საერო განწყობილებათა და მისწრაფებათა მზარდი აღმავლობით, რაც ყველაზე თანამიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა.
ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების აღიარება, რაც, თავის მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მიწისა და ზეცის დუალიზმის დაძლევას გულისხმობს. ი. პ-ის, როგორც ფილოსოფოსის, ისტ. მოწოდება ამ იდეის თეორ. დასაბუთება იყო. ეს ამოცანა მის. ფილოს. ნააზრევში გადაწყვეტილია ანტ. იდეების, კერძოდ, ნეოპლატონიზმის (პროკლეს) საფუძველზე.
ა რ ს ი, ი. პ-ის მიხედვით, მთლიანობაა, რ-ის უმაღლესი საფეხური „ყოველთაგან ზესთ მდებარე“ ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი – ხილული სამყარო. უმაღლესი მიზეზისაგან სამყაროს „წარმოარსწბა“ ნეოპლატონიზმში და ი. პ-თან ემანაციის (გამომდინარეობის, პეტრიწის ტერმინებით: „არსებითი გზავნაის“, „წარმოობის“, „წარმოქმნის“, „წარმოარსების“) ცნების საფუძველზე ხდება. ემანაცია ხორციელდება შუალედი საფეხურების მეშვეობით.პირველ მიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და „უცნაური“ (შეუცნობელი). მისი განსაზღვრება მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რ-იც მას მიეწერება, არის სიკეთე.
ი. პ-ის ფილოს. მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზნობრიობაზე, რ-იც ვრცელდება პირველმიზეზებისა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის იგივეობასა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს „თვისსა მიზეზსა შორის“ და განუსხვავებელია მიზეზისაგან. მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, „სხვად ყოფნა“. ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას. ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტ. მიმართების გარკვევის მიზნით ი. პ-ს შემოაქვს ცნება, რ-ის მიხედვით, შედეგი მიზეზტან მიმართებაში არის „იგივე სხვა“. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და ჰკრავს ი. პ-ის ფილოს. სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მესამე საფეხურია ინტუიცია, რ-იც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის „მარტივად“, უშუალოდ წვდომის შედეგადაა მიჩნეული.
ი. პ-მა ფილოს. ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგ. ლიტ. მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული საკითხავები – წმინდანთა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის „ცხოვრებანი“), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადასაბამობისანი“ („მსოფლიო ისტორია იოსიპოსისაი“), რ-ის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვ. ი. პ-მა დაწერა ორიგინ. ასკეტიკურ-მისტ. პოეტური ტრაქტატი „სათნოებათა კიბე“, რ-საც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმინდელისეული ქართ. თარგმანი. გალექსა „სათვეო სვინაქსარი“ ანუ „გალობანი ყოველთა წმიდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რ-თაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.
ი. პ-მა შექმნა ლიტ. სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახ. ფილოს. ტერმინოლოგიას, ბერძნ. დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართ. ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობიანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. ი. პ-მა დიდი გავლენა მოახდინა ძვ. ქართ. ფილოს. აზროვნებაზე, საერო პოეაიასა და საისტ. მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I–ის ლიტ. სკოლაზე.
თხზ.: შრომები, შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1-2, თბ., 1937-40; სათნოებათა კიბე, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1968; Рассмотрение платоновской философии и Прокла Диадоха, пер. и исследование И. Д. Панцхава, Тб., 1942; [წიგნში] Антология мировой философии, т. 1, ч. 2, М., 1969, с. 663-668.
ლიტ.: გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., რუსთაველი. პეტრიწი. პრელუდიები, თბ., 1961; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 11, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; კ უ კ ა ვ ა თ., იოანე პეტრიწის სოფლმხედველობა, თბ., 1971; მ ი ს ი ვ ე, იოანე პეტრიწის წიგნი „ათორ თვისა“ („პროლოღია“), თბ., 1978; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი დ., იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975; ნ უ ც უ ბ ი ძ ე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1973; ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ესთეტიკური შეხედულებანიქართულ ნეოპლატონიზმში (არეოპაგიტიკა და პეტრიწი), კრ.: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევბი, [ტ.] 1., თბ. 1969; მ ი ს ი ვ ე, იოანე პეტრიწი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1956; М а р р Н. Я., Иоанн Петрицский – грузинский неорлатоник XI-XII векаб СПБ., 1909.
ი. ლოლაშვილი. შ. ხიდაშელი.
(ქსე, ტ. 5, გვ. 192)