(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (16.V.1768, თბილისი, – 15.II.1830, პეტერბურგი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი; შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა, რ-საც 1799 წარუდგინა მოხსენება ქართლ-კახეთში, მისი აზრით, აუცილებლად გასატარებელი რეფორმების შესახებ. ი. ბ-ის პროქტის მიხედვით, სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად, თბილისში, გორსა და თელავში უნდა გახსნილიყო სასწავლებლები. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ი. ბ. რუსეთში გადასახლდა. პოლიტ. ასპარეზს მოკლებულმა, დიდი გულმოდგინებით განაგრძო სამწიგნობრო-საგანმან. მოღვაწეობა, რომ ამით მაინც მოეტანა სარგებლობა თავისი ქვეყნისათვის. მისი მთავარი ნაწარმოებია ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „კალმასობა“ (1813-28), რ-შიც გამოვლინდა ი. ბ-ის მრავალმხრივი განათლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და მხატვრული ნიჭი. თხზულება საკმაო სირთულით ასახავს საქართველოში მეცნ. ცოდნის დონეს XVIII-XIX სს. მიჯნაზე. აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან. ზოგ შემთხვევაში მასალა თარგმნილია რუს. და უცხოური წყაროებიდან, უმეტესწილად კი ავტორი თავის დაკვირვებებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის, ქართ. ენისა და ლიტ-რის საკითხებზე, მ. შ. აღსანიშნავია „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ რ-იც წარმოადგენს X-XVIII სს. ქართველ მწერალთა თავისებურ ლექსიკონს. „კალმასობა“ ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „ხუმარსწავლა“. ორიგინ. ჟანრის ნაწარმოებია. მეცნ. მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია.არქ.-მწიგნობრული ენით გამართულ მეცნ. ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი – იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნ. მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართვ. იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზ-ბის მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმქ. მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდენციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას. „კალმასობა“ არსებითად რეალისტური შემოქმედებითი მეთოდით გამართული ნაწარმოებია, რ-იც ძვ. ქართ. მწერლობის უკანასკნელ და ახ. ქართ. ლიტ-რის პირველ თვალსაჩინო ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ.ხელნაწერები აღმოაჩინა დ. ბაქრაძემ 1861, ტექსტი შემოკლებით გამოიცა 1862.
ი. ბ-ის ეკუთვნის აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნ. ენციკლოპედია (1814), ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“ (1829); რუს.-ქართ. ლექსიკონი; ს.-ს. ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართ. განმარტებითი ლექსიკონი; ნარევი ტიპის (განმარტებითი, ენციკლოპედიური, თარგმნითი) „ქართული ლექსიკონი“, რ-ის მხოლოდ ნაწილია ჩვენამდე მოღწეული; ლექსად დაწერილი „მიბაძვა იოანე სინელი კიბისა“ (1807), ორიგ. თხზულებანი „პატარა ედემით განძევა“, „აღსარება“ და სხვ. თარგმნა აბატი კონდილიაკის „ლოღიკა“ (1806).
თხზ.: კალმასობა, ტ. 1-2, კ. კეკელიძის და ალ. ბარამიძის რედ., თბ., 1936-48.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., იოვანე ბატონიშვილის ბიოგრაფიიდან, მის წგნ.: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 3, თბ., 1952, ქ ი ქ ო ძ ე გ., ეტიუდები და პორტრეტები, გამოც. მე-2, თბ., 1958; ქ უ თ ა თ ე ლ ა ძ ე ლ., იოანე ბაგრატიონის „ქართული ლექსიკონი“, თბ., 1975.
ა. ბარამიძე.
(ქსე, ტ. 5, გვ. 188)